ენა

USAID/საქართველოს დემოკრატიის, მმართველობის და ადამიანის უფლებების ოფისის თანამშრომელი მედეა კაკაჩია

მოდი, ვიფიქროთ ვერცხლისწყალზე! - მოგვმართა ნონა ჭითანავამ, ჩვენი მე-8 კლასის ქიმიის მასწავლებელმა ერთ-ერთ პირველ გაკვეთილზე 1979 წლის სექტემბერში - რატომ განსხვავდება ეს ნივთიერება ასე მკვეთრად მისი მეზობლისგან პერიოდულ ცხრილში, ჰელიუმისგან?  წინა კვირას ის ატომის აგებულებაზე გვესაუბრა, რომლის გაგებაც  ძალიან გაგვიჭირდა. ვერ ვხსნიდით, როგორ შეიძლება რომ ელექტრონი- ნაწილაკი, რომელიც თავის ორბიტაზე ბრუნავს ატომის ბირთვის ირგვლივ- იყოს ამ ორბიტაზე მაგრამ ამავდროულად, შეუძლებელი იყოს იმის დაადგენა სად არის ის ამ ორბიტაზე დროის კონკრეტულ მონაკვეთში. გამოდის, რომ ელექტრონი ყველგანაა ორბიტაზე და თან არსად! ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით და დაბნეულები... ახლა კიდევ უნდა ავხსნათ ამ „არა-ნაწილაკი ნაწილაკის“ რაოდენობა ნივთიერების ატომში როგორ ახდენს ზეგავლენას მის თვისებებზე! კლასში სიჩუმე იდგა. 

ხომ არ გინდა, ერთად ავხსნათ?- მომმართა ნონა მასწავლებელმა, თითქოს ამოიკითხა ჩემს თვალებში, რომ მე უკვე ვაღიარე ფაქტად ის, რისი ახსნაც შეუძლებელია.  საკლასო დაფაზე მე და ნონა მასწავლებელმა ცარცით ერთად დავხატეთ ჯერ ჰელიუმის, შემდეგ კი ვერცხლისწყლის ატომის და ელექტრონული შრეების აგებულება.  

ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ერთი დამატებითი ელექტრონული ორბიტა ერთი დამატებითი ელექტრონით, რომელიც ვერცხლისწყალს აქვს, უნდა ახდენდეს ზეგავლენას მის თვისებებზე- ავხსენი მე- ხოლო სადაა ეს ელექტრონი დროის კონკრეტულ მონაკვეთში ამ ორბიტაზე- ამას მნიშვნელობა არ აქვს - დავამატე და მივედი საკუთარ  „კომპრომისამდე“ ამ „არა-ნაწილაკნაწილაკთან“. 

ამ დღიდან დაიწყო ჩვენი კლასის მოგზაურობა ქიმიაში. ნონა მასწავლებელთან ერთად დავიწყეთ ლითონების, გარდამავალი ლითონების, ჰალოგენებისა და ინერტული გაზების ატომების „აღმოჩენა. ატომების აგუბელებაზე ვსაუბრობდით ყველგან: გაკვეთილზე, დასვენებებზე, სახლში. დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ქიმიაში სკოლებს შორის შეჯიბრი ყოფილიყო, ჩვენი კლასელები გაიმარჯვებდნენ. ქიმიის ეს ბუნებრივი სიყვარული ჩვენი ცხოვრების მანძილზე გამოგვყვა. ბევრმა ჩემმა კლასელმა, ჩემი ჩათვლით, აირჩია ექიმის პროფესია; სხვებმა- ბიოლოგია, ქიმია. წლების შემდეგ, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქიმიის მასწავლებელს, ნონა ჭითანავას ვახსენებთ სიყვარულით და პატივისცემით, იმისთვის რომ ახალგაზრდობის ადრეულ ეტაპზე ასე საინტერესოდ ჩაგვრთო ატომების ირგვლივ საიდუმლო მოგზაურობებში!

 

Image
ნონა ჭითანავა, ქიმიის მასწავლებელი.