ენა

 

COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის. ქვეყნის მოსახლეობისთვის პანდემიასთან გამკლავებაში დახმარების გაწევის მიზნით USAID სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) საშუალებით თანამშრომლობდა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პანდემიის პირობებში ბავშვების მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად.

COVID-19-ის პანდემიამ ყველას შეუქმნა სირთულეები. მან განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა ბავშვები და მათი ოჯახები, უმთავრესად − სოციალურად დაუცველები.

„ე. წ. ლოქდაუნის პერიოდში ბავშვები სოციალურ ურთიერთობებს მოკლებული არიან, რაც ემოციურ გამოფიტვასა და დაღლილობას იწვევს“, − ამბობს მამუკა მახათაძე, თბილისის  ბავშვთა ჰოსპისის − „ციცინათელების ქვეყნის“ დირექტორი.

მას შემდეგ, რაც COVID-19 გაჩნდა, მთელ მსოფლიოში დაიწყეს ახალი გზების ძიება, რათა ყველაზე დაუცველ მოსახლეობას საჯარო სერვისებისა და კერძო ინიციატივების საშუალებით დახმარებოდნენ. საქართველოში სათემო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმ საქმიანობაში, რომელსაც ქვეყანა პანდემიის საპასუხოდ ახორციელებს.

პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის მარტში, USAID-ის პროექტმა − ACCESS-მა COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების გრანტები გასცა სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. ამ გრანტების საშუალებით სათემო ორგანიზაციებმა COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებები განახორციელეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: ვირუსით დაავადების შემთხვევების მართვის მიზნით გადაამზადეს მედპერსონალი, გაავრცელეს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია პანდემიის შესახებ და დაეხმარნენ ყველაზე დაუცველ მოსახლეობას.

USAID-ის ACCESS-ის მიერ გაცემული 22 გრანტიდან 6 გადაეცა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, მათ შორის, „ციცინათელების ქვეყანას“. ეს ორგანიზაცია  საქართველოში ყველაზე დაუცველ ბავშვებს და მათ ოჯახებს ეხმარება. პანდემიის პერიოდში „ციცინათელების ქვეყანას“ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია − მან დროებით დახურა თავისი დღის ცენტრი, სადაც მანამდე ბავშვებს თანატოლებთან უსაფრთხო გარემოში ჰქონდათ ურთიერთობა.

„ჩვენი ბავშვები სახლებს ვერ ტოვებდნენ, მშობლები კი − ბავშვებს“, − ამბობს მამუკა. USAID-ის ACCESS-ისგან გრანტის მიღების შემდეგ „ციცინათელების ქვეყანამ“ ბევრი მომსახურება ონლაინრეჟიმში გადაიტანა − მან 41 ოჯახს ონლაინკონსულტაცია გაუწია და ვიდეოებიც კი ჩაწერა, რათა ეს ოჯახები სათანადო მზრუნველობით სახლშიც ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი.

კერძო დონორებისგან დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის ორგანიზაციამ ე. წ. ქრაუდფანდინგის კამპანიაც დაიწყო. „მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპისის დონორთა რაოდენობა წლების განმავლობაში იზრდება, აუცილებელია თემისა და სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართულობა“, − ამბობს მამუკა.

USAID-ის ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ 5-მა ორგანიზაციამ ისარგებლა, რათა დაუცველ ბავშვებს და მათ ოჯახებს COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების გადალახვაში დახმარებოდა. ბავშვებისთვის, საქართველოს ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, უკეთესი გარემოს შესაქმნელად გადამწყვეტია დამატებითი საჯარო და კერძო მხარდაჭერა, თუმცა მათი ხელშეწყობისთვის სამოქალაქო ინიციატივებისა და სოციალური მოძრაობების როლიც მნიშვნელოვანია. 

ორგანიზაციამ „კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო“ დისტანციური სწავლებისთვის საჭირო საგანმანათლებლო მასალების შესაქმნელად მასწავლებლებისა და ექსპერტებისგან სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ამ მასალების საშუალებით გააგრძელეს სასწავლო პროცესი სკოლების დახურვის შემდეგ. კოალიციის წარმომადგენელი, გიორგი ჭანტურია, აღნიშნავს:

„ჩვენ მიერ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, გადაწყვეტილებების მიმღებთა და დონორების მობილიზება და ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვა. ხელი შევუწყვეთ გადაწყვეტილებების მიღების ღია და მონაწილეობით პროცესს. პროექტისთვის შევქმენით სამეთვალყურეო საბჭო, რომელმაც თავი მოუყარა კოალიციის წევრებს, დონორ ორგანიზაციებს, მასწავლებლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მასწავლებლებთან რეგულარული, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა და ჩვენი ღონისძიებები მათთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შევიმუშავეთ.“

ლიკა ქურციკიძემ და შოკო ტყეშელაშვილმა − ბავშვთა ფსიქოლოგებმა − გრანტის საშუალებით 3−5 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც „ლოქდაუნის“ პერიოდში საბავშვო ბაღში ვერ დადიოდნენ, 30-ზე მეტი მოკლე ვიდეორგოლი შექმნეს. ამ ვიდეოებში ნაჩვენებია, როგორ გამოიყენონ მშობლებმა თამაშები და სავარჯიშოები ადრეული ასაკის ბავშვების განმავითარებელ რესურსად. ვიდეოები სოციალური მედიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასწავლო ონლაინპლატფორმის საშუალებით გავრცელდა.

„პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ სკოლები და საბავშვო ბაღები დახურა. სკოლებმა ონლაინგაკვეთილები მალევე დაიწყეს, ბაღებმა კი ეს ვერ შეძლეს. ამან მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა 6 წლამდე ბავშვებს და მათ მშობლებს. ბევრმა [მშობელმა] ვერ მოახერხა ბავშვის უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფა,“ – ამბობენ ლიკა და შოკო.

„გვინდოდა მშობლებს დავხმარებოდით და მხარი დაგვეჭირა ამ რთულ პერიოდში. შევეცადეთ სხვადასხვა თამაშის გამოყენებით გვეჩვენებინა მშობლებისთვის მარტივი და სახალისო გზა ბავშვებთან ერთად გასართობად და მათი შემეცნებითი, მოტორული, გონებრივი და პიროვნული უნარ-ჩვევების განსავითარებლად. ჩვენი ვიდეოები უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.“

კიდევ ერთმა გრანტის მიმღებმა − ორგანიზაციამ „სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ − USAID-ის დაფინანსებით შეძლო მცირე საოჯახო ტიპის სახლების (ბავშვთა სახლების) ადმინისტრაციისა და აღმზრდელების მხარდაჭერა, რათა მათ უფრო ეფექტიანად დაეცვათ მზრუნველობამოკლებული ბავშვები და პანდემიით გამოწვეულ იზოლაციასა და სტრესთან გამკლავებაში დახმარებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს:

„USAID-ის ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით მომსახურებებისა და დახმარების ონლაინრეჟიმში შეთავაზება. ახალ რეალობას მალე მოვერგეთ და სათემო ორგანიზაციების − მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღმზრდელებისთვის დისტანციური ტრენინგების პროგრამა შევიმუშავეთ. ჩავატარეთ 60 ჯგუფური ტრენინგი 19 ბავშვთა სახლის 82 აღმზრდელისთვის, რათა მათ პანდემიის პერიოდში ბავშვების ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში დავხმარებოდით.“

პანდემიის პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და სწავლის შეზღუდული უნარის მქონე ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელებაში დახმარების გაწევის მიზნით ორგანიზაცია „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სკოლებთან და ოჯახებთან ერთობლივი ძალისხმევით იმ ბავშვების სკოლისთვის მოსამზადებლად, რომლებიც სწავლას 2020-21 აკადემიურ წელს იწყებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ბავშვებისა და მათი ოჯახების მომზადებაა − იგი სკოლებთანაც მუშაობდა, რათა მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ისეთი გარემო შეექმნათ, სადაც ისინი წარმატების მიღწევას შეძლებდნენ.

სტუდია „ველოსიპედმა“ გრანტის საშუალებით ანიმაციური სერიალი შექმნა, რათა 10 წლამდე ბავშვებისთვის ვირუსისგან თავის დაცვა ესწავლებინა. ვიდეოფილმების მთავარი გმირი − ჟირაფი ჟოზე − მეტად პოპულარული პერსონაჟია. ამ მეთოდით სტუდია „ველოსიპედმა“ ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

Image