ენა

ჟურნალი “დიპლომატი” 

რა არის USAID– ის მთავარი პრიორიტეტებ საქართველოში განვითარების მიმართულებით?

USAID-ის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თვითუზრუნევლყოფას, რაც ნიშნავს მათი შესაძლებლობების ისე გაძლიერებას, რომ ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლად დაგეგმონ, დააფინანსონ და განახორციელონ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  ჩვენ ამას ვუწოდებთ გზას თვითუზრუნველყოფისკენ და ეს გზა მორგებულია თითოეული ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებზე. საქართველოში ეს ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს სამ მთავარ მიმართულებაზე: ეკონომიკის შექმნაზე, რომელიც მაღალხარისხიან და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს; მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული დემოკრატიის გაძლიერებაზე; და მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილ მედეგობაზე, რომელიც შეიძლება მოდიოდეს კრემლიდან, ან საქართველოდან.

დავიწყოთ ბოლო პუნქტიდან. USAID სრულად აღიარებს იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, შიდა და გარე მავნე ზეგავლენასთან მიმართებაში.  სწორედ ამიტომ, პირველად USAID/საქართველოს განვითარების სტრატეგია კონკრეტულად ორიენტირებული იქნება მავნე ზეგავლენაზე. ჩვენ ვცდილობთ ინოვაციური საშუალებებით ხელი შევუწყოთ საქართველოში დეზინფორმაციის და კიბერთავდასხმების მზარდ საფრთხეებთან ბრძოლას, ვაფართოებთ ამ მიმართულებით  ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის საკითხებზე მუშაობას და ხელს ვუწყობთ მაღალმთიან რეგიონებში  მეტი შესაძლებლობების შექმნას.

მეორე პუნქტი, ანგარიშვალდებული დემოკრატია  მჭიდრო კავშირშია მავნე ზეგავლენასთან.  საბოლოო ჯამში, სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა შექმნას ქვეყნის მომავალი პოლიტიკაში მონაწილეობითა და დეზინფორმაციისა და მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლით. ამის გაკეთება არ შეიძლება ძლიერი, ინფორმირებული მოქალაქეებისა და პროაქტიული, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიის გარეშე. USAID-ის პროგრამები თანამშრომლობენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შექმნან ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნებს.

და ბოლოს, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის მიზნით USAID-ისთვის პრიორიტეტულია მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალანაზღაურებად და მაღალხარისხიან დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაზე მთელს ქვეყანაში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორში, რათა ქართული საწარმოები გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, მოხდეს ინოვაციური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

როგორ ეხმარება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას?

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება  8000 წელზე მეტს ითვლის და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში,  ხოლო მიწათმოქმედება კი ყველაზე გავრცელებულ ქართულ პროფესიად რჩება. სოფლის მეურნეობა ქვეყანაში საკვები პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა არ ქმნის მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილებს. სწორედ ამ საკითხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს USAID.

სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვით  ხელს შევუწყობთ საქართველოში მოსავლიანობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ამ პროდუქციის შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანას. ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩვენი პროგრამები თანამშრომლობენ მთავრობასთან და კერძო სექტორთან, სადაც აქტიურად იყენებენ ინოვაციურ მობილურ აპლიკაციებს და სხვა მაღალი ხარისხის საშუალებებს. ინვესტიციები თავის მხრივ უზრუნველყოფენ სექტორის გაძლიერებას, მწარმოებლების შემოსავლების ზრდას და ღირებულებათა ჯაჭვში დასაქმების მეტი შესაძლებლობების შექმნას.  

 USAID-ის მხარდაჭერილი პროგრამებიდან, რომელ წარმატებულ ისტორიას გაიხსენებდით, რომელიც სოფლის მეურნეობას უკავშირდება?

პირველ რიგში  გამოვყოფდი თხილის სექტორს. 2015 წელს აზიური ფაროსანას გამოჩენამ უარყოფითად იმოქმედა თხილის წარმოებაზე.  რთული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით USAID მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის ფერერო /აგრიჯორჯიასთან.  ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იმაზე უფრო მეტად გავაუმჯობესეთ თხილის წარმოების ხარისხი და რაოდენობა, ვიდრე ეს აზიურ ფაროსანის გამოჩენამდე იყო. მაგალითისთვის, მხოლოდ წელს საერთაშორისო სტანდარტების 50 000 ტონაზე მეტი მაღალხარისხიანი თხილი მივიღეთ.  თხილის სექტორი წარმატებით აგრძელებს განვითარებას და ველით, რომ დივერსიფიკაციას სხვა თხილეულის წარმოებაშიც მოვახდენთ.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე. ჩვენ წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს Smart Logistics-თან, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანიასთან, რომელმაც ჩვენი მხარდაჭერით მიიღო საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატი. ეს არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ამ სერტიფიცირების შედეგად დაიწყო  მაკდონალდსის ქართულ რესტორნების მომარაგება საქართველოში წარმოებული ბოსტნეულით.  იმედია Smart Logistics–ის წარმატება  გზას გაუხსნის სხვა ქართველ მწარმოებლებს, რათა მათაც შეძლონ თავიანთი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე გაყიდვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალხარისხიანი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა.

და ბოლოს, მოგიყვებით იმ ინოვაციურ სამუშაოზე, რომელსაც ტექნოლოგიების გამოყენებით ვასრულებთ, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კორონა ვირუსის პერიოდში.  USAID 2018 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA), საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიასთან (GFDC) და აჭარა ჯგუფთან მობილური აპლიკაცია „აგრონავტის“ განვითარებაზე, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივ მწარმოებლებს წამყვან სასტუმროებსა და რესტორნებთან აკავშირებდა. დღეისათვის „აგრონავტის“ საშუალებით ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კულტურული მეურნეობების ტექნიკური დახმარების და მიწის აუქციონების შესახებ. სექტემბერში აგრონავტმა დამატებითი ინვესტიცია მიიღო 100 000 ლარის გრანტის სახით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA). GITA- ს გრანტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციას საშუალებას აძლევს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის ინტეგრირებაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფერმერების და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.   ამ ეტაპზე აპლიკაცია დაეხმარა საქართველოს 4 000-ზე მეტ ფერმერს (რომელთა უმრავლესობა სამეგრელოსა და შიდა ქართლში მდებარე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობაა) 4.4 მილიონი დოლარის ღირებულების გაყიდვების გენერირებაში.

USAID/საქართველო ორიენტირებულია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე, მხარს უჭერს რა სოფლის მეურნეობის საწარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, ბიზნესის გაფართოებას და მათ დივერსიფიკაციას. წარმატებული სოფლის მეურნეობის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რაც საქართველოში დასაქმების უკეთეს შესაძლებლობების შექმნის გარანტიას იძლევა.

როგორ გააგრძელებს ამერიკა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას?

შთამბეჭდავია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიერ მიღწეული პროგრესი. მოვინახულე თანამედროვე გადამამუშვებელი საწარმოები და სათბურები, სადაც პირადად გავეცანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სამუშაოებს და ბაზარზე ორიენტირებულ ინოვაციურ მიდგომებს. თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. სოფლის მეურნეობის სექტორს შესაძლებლობების გაუმჯობესებით შეუძლია შექმნას მაღალხარისხიანი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს სოფლად ეკონომიკის გაძლიერებას. USAID-ის ახალი სტრატეგია ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით ახდენს პროგრამების გადახალისებას და ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მეტ ჩართულობაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით ვითანამშრომლებთ ბიზნეს ასოციაციებთან და საქართველოს მთავრობასთან, რაც ხელს შეუწყობს გაქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას.

სტრატეგიის განხორციელებისას თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავალთ კერძო სექტორთან, რომლის მიხედვითაც გრანტების უბრალოდ გაცემის ნაცვლად, ერთობლივად მოვახდენთ პროექტებში თანაინვესტირებას. ასევე მხარს დავუჭერთ ისეთ სექტორებს, რომელთაც აქვთ ზრდის პოტენციალი და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. მაგალითად, ახლახანს დავიწყეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებს უკეთესი ხარისხის და მეტი რაოდენობის პროდუქციის წარმოებაში. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP), მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამეურნეო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხელს ვუწყობთ საქართველოს ფერმერებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო დაიწყებს ჩიფსების წარმოებისთვის საჭირო კარტოფილის მოყვანასაც.  

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება შესაძლებელია კერძო სექტორის და საქართველოს მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით. რადგან სწორედ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საკუთარი ქვეყნის აგრობიზნესს საჭირო სერვისებით და მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ღირსეულ ადგილს დაიკავებს გლობალურ ეკონომიკაში, რაშიც ჩვენი სტრატეგიის განხორციელებისას მიღწეული წარმატებაც შეუწყობს ხელს. 

 

Image
მარიკა ოლსონი, ეკონომიკური განვითარების ოფისი, USAID/საქართველო