“ყველას აქვს თავისი ევერესტი, რომლის დალაშქვრაც შეუძლია” - ინტერვიუ “პანკისი ქემფინგის” დამფუძნებელ მანო ქავთარაძესთან

ოთხშაბათი, მარტი 18, 2020
“პანკისი ქემფინგის” დამფუძნებელი მანო ქავთარაძე

მსოფლიოსთვის პანკისის ხეობის ბუნების გაცნობის მიზნით მანო ქავთარაძემ 2018 წელს დააფუძნა “პანკისი ქემფინგი”. დიდი შრომით და USAID-ის მხარდაჭერით მან წარმატებული ბიზნესი შექმნა. წელს ის  30 წლამდე მეწარმეების #ForbesUnder30 ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

ულამაზესია პანკისის ხეობა საქართველოში. მას ჩრდილოეთით კავკასიის თოვლიანი მთები, ხოლო სამხრეთით ღვინით განთქმული რეგიონი ესაზღვრება. პანკისში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ეთნიკური ქისტები და სუნიტი მუსლიმები, რომელთაც მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ რეგიონებთან.  1990-იანებსა და ადრეულ 2000-იან წლებში ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება ქაოსმა დაარღვია, რამაც პანკისს დიდი დაღი დაასვა და გარკვეულ იზოლაციაში მოაქცია.

USAID-ის მხარდაჭერა ითვალისწინებს პანკისის ეკონომიურ გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობას, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.  ეს პროგრამები  ქალთა გაძლიერებას და ახალგაზრდებისთვის ისეთი პლათფორმების შექმნას ისახავს მიზნად, რომლებიც მათ საქართველოში მცხოვრებ თანატოლებთან ურთიერთობას გაუადვილებთ. შედეგად აკი ღდგება  სოციალურ-ეკონომიკური ხიდი პანკისსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

მეწარმე ქალი მანო ქავთარაძე   სათავგადასალო ტურისტული  ბიზნესის წარმომადგენელი და  “პანკისი ქემფინგის” დამაარსებელია.  მანო იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ ქალებსაც შეუძლიათ მოაღწიონ  წარმატებას  სათავგადასავლო ტურიზმის სექტორში, რომელშიც ძირითადად მამაკაცები არიან დასაქმებულნი.

გასულ თვეს მანო 30 წლამდე მეწარმეთა შორის  #ForbesUnder30 ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.   ბიზნესი USAID-ის პროგრამა “ ზრდა”-ს გრანტით დაიწყო 2018 წელს და  მას შემდეგ დაუღალავად შრომობს, ქმნის კომერციულად მდგრად ტურისტულ ბიზნესს და  მსოფლიოს აცნობს პანკისის ხეობის სილამაზეს.

მანო გვესაუბრა პანკისში თავისი  ბიზნესის შესახებ,  სამომავლო გეგმებზე და ტურიზმის პოტენციალზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

რატომ გადაწყვიტეთ გიდობა?
მთიან სოფელში გავიზარდე და მთა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული თავისუფლების შეგრძნება. როდესაც დგახარ უსიტყვოდ, ცასა და დედამიწას შორის და გული გამალებით გიცემს, გინდა რომ ეს ემოცია სხვასაც გაუზიარო. ყველაზე ამაყი  მაშინ ვარ, როდესაც ტურისტებს ჩემს ქვეყანას ვაცნობ. ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციე და სწორედ მთის სიყვარულმა მიბიძგა გავმხდარიყავი გიდი.

რატომ პანკისი? რამ გადაგაწყვეტინათ გააცნოთ პანკისი მსოფლიოს?
აქ  ჩემი თავის საჭიროება დავინახე. ჩემს მიერ განხორციელებული თითოეული აქტივობა ორჯერ უფრო ღირებული სწორედ აქ არის. ერთი წლის წინ დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth for Pankisi Development”. მე არ ვაკეთებ მხოლოდ ტურიზმს, მე ვცდილობ გავხდე ჯაჭვი ქართველებსა და ქისტებს შორის.  მინდა ვანახო საქართველოს, რომ ისინი ჩვენი ხალხია და მათთან 200 წლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს, საერთო წარსულით, ტრადიციებით და ადათები. აქ გაშლილი ხელით და სუფთა გულით იღებენ სტუმარს. დღეს პანკისში ცხოვრება ისეთივე უსაფრთხოა, როგორც დანარჩენ საქართველოში. რატომ უნდა გაიცნოს მსოფლიომ? - მსოფლიო უკვე იცნობს პანკისს, თუმცა სამწუხაროდ უარყოფით ჭრილში. ახლა ცვლილებების დროა. პანკისის ხეობის ისტორია, უძველესი ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები, კავკასიონის მთები, ჩანჩქერები, მდინარეები და ტბები, ფლორა, ფაუნა და რაც მთავარია ხალხი, მათი ტრადიციები, სამზარეულო და კულტურა გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ ტურისტულად მიმზიდველი მსოფლიოსთვის.

რა მიზნები გაქვთ პანკისი ქემფინგთან დაკავშირებით? რის მიღწევას ცდილობთ?
ჩემი მიზანია პანკისი ქემფინგი გახდეს სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრი ხეობაში. ეს იქნება სრულფასოვანი ბანაკი კოტეჯებით, კარვებით,  ქარავანი მანქანებით, რესტორნით, გასართობი და დასასვენებლი სივრიც. ჩვენს სტუმარს ერთდროულად შეეძლება ღამე გაათენოს ბუნებაში, დააგემოვნოს ქართული და ქისტური სამზარეულო, გაეცნოს ადგილობრივების ცხოვრების წესს, დაკავდეს სხვადასხვა სპორტული აქტივობით, დაგეგმოს საფეხმავლო და საცხენოსნო ტური, იქირაოს სამთო ველოსიპედი, ისწავლოს ცხენზე ჯირითი, იბანაოს მთის მდინარეებში, გაატაროს საღამო კოცონთან და სხვა.
შორეულ პერსპექტივაში მიზნად მაქვს შევქმნა კემპინგების ქსელი და მოვიცვა საქართველოს სხვა მთიანი რეგიონები. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის, საჭიროა რომ განვავითაროთ საკემპინგო არეალი.

როგორია სათავგადასავლო ტურიზმის როლი საქართველოში? შეიძლება ის გახდეს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი?
როდესაც სათავგადასავლო ტურიზმში ჩავერთე, ვიცოდი რომ, ამ საქმით მეტი სარგებლის მოტანა შემეძლო ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე რიგითი ოფისის თანამშრომლის სტატუსით. ასევე მჯერა რომ სათავგადასავლო ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ამას წლები დასჭირდება, თუმცა ეს მიღწევადია.
ყველანაირი პირობა არსებობს ამ სფეროს მაღალ დონეზე განვითარებისთვის. Პ პოტენციალი ხალხშიცაა, განსაკუთრენით ახალგაზრდებში. მე „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დავამთავრე, სადაც ყველა საჭირო უნარი შევიძინე. მსგავსი სკოლების არსებობა კარგი იქნებოდა მთიან რეგიონებშიც, რათა ადგილზე მოხდეს გიდების გადამზადება.  ასევე, ვისურვებდი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მოკლევადიანი სტაჟირების პროგრამა წამყვან ტურისტულ ქვეყნებში.

შენ ქალი მეწარმე ხარ, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს სამეწარმეო საქმიანობაში, რასაც ზოგი მამაკაცის პროფესიად უფრო მიიჩნევს. რამეს ხომ არ ურჩევდი ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სურს მეწარმეობა ან სათავგადასავლო ტურიზმში ჩართვა? 
არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი საზღვრები შეზღუდულია.  დიახ, საქართველო სტერეოტიპების ქვეყანაა, ყოველი ჩემი ნაბიჯი განხილვის საგანი იყო.  „მთაში არ არის ქალის ადგილი“, „ეს არ არის ქალის საქმე“, „პანკისში რა გინდა ახალგზარდა გოგოს“. თუმცა, ეს ფრაზები მე მოტივაციად გავიხადე, ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი მტკიცებულებაა იმის რომ, სწორედ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. დღეს უკვე აღარავინ მეუბნება რომ, რამე არ შემიძლია.
დამწყებ მეწარმეებს შემიძლია გავუზიარო ჩემი ფავორიტი ციტატა -  “Everyone has their own Everest to climb.” - “ყველას აქვს თავისი ევერესტი, რომლის დალაშქვრაც შეუძლია”. დაისახეთ მიზანი, იყავით გაბედულები, რისკიანები და არასოდეს შეგეშინდეთ შეცომების - ეს არის ჩემი ცხოვრების მოტივაცია. 

შეგიძლია შენს შესახებ ერთი ისტორია მოგვიყვე?
ორი წლის წინ, ბანაკის გახსნისთვის 2700 ლარი ავიღე გრანტის სახით USAID-ის პროგრამა “ზრდა”-სგან.  მას შემდეგ, არანაირი ფინანსური დახმარება, ან გრანტი არ მიმიღია და დამოუკიდებლად ვაგრძელებ წინსვლას.  გასულ ზაფხულს 300-მდე ქართველ და უცხოელ ვიზიტორს ვუმასპინძლე.

 

Last updated: March 19, 2020

Share This Page